საერთაშორისო სამუსიკისმცოდნეო სემინარი
„აღმოსავლურ-ქრისტიანული საეკლესიო მუსიკის საკითხები“
მოსაწვევი ბარათი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი 2017 წლის 6-8 ოქტომბერს თბილისში აწყობს სამუსიკისმცოდნეო სემინარს „აღმოსავლურ-ქრისტიანული საეკლესიო მუსიკის საკითხები“.
დღევანდელი აღმოსავლეთ-ქრისტიანულ საღვთისმსახურო პრაქტიკასა და თეორიას სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიაში როგორც მსგავს, ასევე განსხვავებულ პრობლემატიკასთან აქვს ურთიერთობა. დისკუსია ძირითადად ეხება ტრადიციისა და ინოვაციის ურთიერთობის ნორმათა შესახებ საკითხებს. ამ საკითხებისადმი განსხვავებულ ხედვათა შეხვედრა ხშირად მკვეთრ დაპირისპირებასაც იწვევს. ამიტომ ნაყოფიერად მივიჩნევთ გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით წარმართულ სამეცნიერო დიალოგს როგორც სხვადასხვა პოზიციების, ასევე სხვადასხვა ტრადიციების წარმომადგენელთა შორის.
სემინარის საორგანიზაციო კომიტეტი იწვევს აღნიშნულ თემატიკაზე მომუშავე მეცნიერებს მოხსენებების წარმოსადგენად შემდეგ თემებზე:
- მრავალხმიანობა და მონოდია – ტრადიცია, ესთეტიკა და ინოვაცია აღმოსავლურ ქრისტიანულ საეკლესიო მუსიკაში;
- ლიტურგიკული, პარალიტურგიკული და ქრისტიანული თემატიკის სხვა მუსიკალურ ჟანრთა ურთიერთმიმართებისა და ფუნქციონირების პრობლემები;
- მომიჯნავე თემატიკა.
სემინარის ჩატარების ადგილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, თბილისი, საქართველო.
სემინარზე ინდივიდუალურ პრეზენტაციებს დაეთმობა 25 წუთი: 15 წუთი მოხსენებისთვის (აუდიო-ვიზუალური ილუსტრაციების ჩათვლით) და 10 წუთი – დისკუსიისთვის. სემინარის ერთი მონაწილე შეიძლება წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ერთი მოხსენებით. სემინარის სესიები ჩატარდება ორ დღეს: პარასკევს და შაბათს (6 და 7 ოქტომბერი) დილის 10 საათიდან ორი საათნახევრიანი (10.00-11.15; 11.45-13.05), ორი შესვენებით (ქოფი-ბრეიქი და ფურშეტი). სადილის შემდეგ ჩატარდება დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში (პირველი დღის თემატიკა: „მრავალხმიანობა და მონოდია საღვთისმსახურო მუსიკაში“; მეორე დღის თემატიკა: „საეკლესიო მუსიკის ფუნქციონირების თანამედროვე გამოწვევები“, 14.00-16.00).
სემინარის მესამე დღე (კვირა, 8 ოქტომბერი) დაეთმობა კულტურულ პროგრამას – ექსკურსიით და კონცერტით.
სემინარის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული. მრგვალი მაგიდა ჩატარდება ინგლისურ ენაზე თარჯიმნის დახმარებით.
სემინარზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება.
სემინარში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ 100-დან 200 სიტყვამდე მოცულობის აბსტრაქტები ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: tamaz.gabisonia@iliauni.edu.ge ამავე მისამართზე გამოიგზავნება მოხსენებები Microsoft Word-ის ფორმატში. აქვე შეგიძლიათ, მოგვმართოთ შეკითხვებით დამატებითი ინფორმაციისთვის.
აბსტრაქტების გამოგზავნის საბოლოო ვადაა ამა წლის 30 ივნისი (ჩათვლით). შერჩეული მოხსენებების ავტორებს სემინარში მონაწილეობის შესახებ დადებითი პასუხი ეცნობებათ 15 ივლისამდე. მოხსენებათა ბეჭდვითი ვერსიის წარდგენის საბოლოო ვადაა 15 სექტემბრის ჩათვლით). ქართველმა მომხსენებლებმა მოხსენების ტექსტი უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზეც.
სემინარის მონაწილეთა სასტუმროს, სესიების შესვენებების დროს კვების, ქალაქში გადაადგილების და კულტურული პროგრამის ხარჯებს დაფარავს საორგანიზაციო კომიტეტი.
სემინარის საორგანიზაციო კომიტეტი:
პროფ. მარინა ადამია
დოქტორი მაგდალენა კუნი
პროფ. თამარ ჩხეიძე
პროფ. თამაზ გაბისონია
საკონტაქტო ინფორმაცია:
პროფ. თამაზ გაბისონია (კოორდინატორი)