სადოქტორო ნაშრომი

2013 წლის იანვარში ეთნომუსიკოლოგიისა და მუსიკოლოგიის სფეროებს სადოქტორო საფეხურზე დაემატა ახალი, სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამა. მისი ძირითადი მიზანია შესთავაზოს კვლევითი გარემო მუსიკოს-პრაქტიკოსებს მათ შემოქმედებით და საშემსრულებლო საქმიანობასთან ერთობლიობაში; ხელი შეუწყოს ინოვაციურობას, შემოქმედებითობის, ცოდნის შემდგომ გაფართოებას და ღრმა არტისტული წვდომის ჩამოყალიბებას.

შემოქმედებითი კვლევა ისეთი ტიპის კვლევაა, რომელიც საშუალებას აძლევს შემოქმედს (კომპოზიტორს, შემსრულებელს, მხატვარს, რეჟისორს, მსახიობს და ა.შ.) ღრმად ჩაწვდეს ხელოვნების სფეროს, მოახდინოს არტისტული რეალობისადმი უფრო ანალიტიკური და აღწერილობითი მიდგომა. ესაა შედარებით ახალი და დინამიურად მზარდი სფერო.

ყველანაირი კვლევა მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს. ესენია: საკითხი, კვლევა და დოკუმენტაცია. შემოქმედებითი კვლევა განსხვავდება იმით, რომ მასში ასევე ჩაბმულია ხელოვან-პრაქტიკოსის არტისტული გამოცდილება, ცოდნა და უნარები; მისი შემოქმედებითი მიზნები. შემოქმედებითი კვლევის დოკუმენტაცია სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ასე მაგალითად, კონცერტი, მასტერკლასი, აუდიო ჩანაწერი, მულტიმედია პრეზენტაციები, წერითი კომენტარები, და ა.შ.

მუსიკოსებს მეტად სპეციალიზირებული ცოდნა აქვთ, რომელიც ხშირად თავისთავად კვლევასთანაა დაკავშირებული. მაგრამ ასეთი კვლევის შედეგები ხშირად მხოლოდ ორიგინალური კომპოზიციის შესრულებისას ან  სხვისი ნაწარმოების ინტერპრეტაციისას ჩანს. შემოქმედებითი კვლევის ერთ-ერთი მიზანი ამ ცოდნის გარეთ გამოტანაა.