პორტფოლიო წერითი კომენტარით

სადოქტორო პორტფოლიო წარმოადგენს შემოქმედებით ან საშემსრულებლო პრაქტიკაზე დაფუძნებულ სადოქტორო ნაშრომს, რომელშიც ჩანს ორიგინალური კვლევის შედეგად მიღებული ახალი ცოდნა.

სადოქტორო პორტფოლიოს მიზანია გამოავლინოს დოქტორანტის ორიგინალური შემოქმედებითი ხედვა, მუსიკალური (საკომპოზიტორო ან საშემსრულებლო) სტილი და ტექნიკური კომპეტენციები. სადოქტორო პორტფოლიო გულისხმობს სტუდენტის მიერ როგორც არტისტული (შემოქმედებითი/საშემსრულებლო) პროექტების და პრეზენტაციების, ისე ინოვაციური  კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვას და განხორციელებას, და კვლევის შედეგების დოქტორანტის საკუთარ შემოქმედებაში ახლებურად და ორიგინალურად ასახვას. სადოქტორო პორტფოლიოს საშუალებით დოქტორანტს აქვს შესაძლებლობა წარადგინოს შემოქმედებითი და სამეცნიერო კვლევის შედეგები, და დაასაბუთოს ორიგინალური არტისტული ხედვის/ახალი ცოდნის მნიშვნელობა მიმართულების/დარგის განვითარებაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუსიკო ხელოვნების დოქტორანტმა ორი სახის სადოქტორო პორტფოლიოდან (1. პორტფოლიო წერითი კომენტარით და 2. გაერთიანებული პორტფოლიო და დისერტაცია) უნდა აირჩიოს და დაიცვას ერთ-ერთი.

პორტფოლიო წერითი კომენტარით არის დიდი მოცულობის, ორიგინალური ნამუშევრების კრებული, რომელიც წარმოადგენს ორიგინალურ კვლევაზე დამყარებულ ახალ ცოდნას.

  • საკომპოზიტორო მიმართულებაში პორტფოლიო უნდა შედგებოდეს მინიმუმ 60 – მაქსიმუმ 120 წუთის ხანგრძლივობის ორიგინალური მუსიკალური კომპოზიციებისგან, და მოიცავდეს სხვადასხვა ჟანრის და მოცულობის ნაწარმოებებს, აქედან მინიმუმ ორს – დიდი ფორმისას (ოპერა, სიმფონია, ციკლი, მიუზიკლი, და მსგავსი).
  • საშემსრულებლო მიმართულებაში
    • კლასიკური და ბაროკოს მუსიკის შემსრულებლობაში – პორტფოლიო უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი სოლო კონცერტისგან, მინიმუმ სამი საანსამბლო ნაწარმოებისგან (აქედან მინიმუმ ორი – მსხვილი ფორმის), და სამი „კონცერტის“ (როგორც ჟანრის) შესრულებისგან (აქედან ერთი კლასიკური, მეორე რომანტიკული და მესამე თანამედროვე ან ბაროკოს ეპოქის).
    • ჯაზის შემსრულებლობაში – პორტფოლიო უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი სოლო კონცერტისგან (ჯაზის სხვადასხვა სტილის და პერიოდის ნაწარმოებები), მინიმუმ სამი დუეტში (ფორტეპიანოს/გიტარის თანხლებით) შესრულებული ნაწარმოებისგან (ბალადა/ბლუზი/სვინგი/ბოსა-ნოვა/სამბა), და სამი თანამედროვე სტილში შესრულებული ნაწარმოებისგან (ფანკი/ფიუჟნი/სოული/გოსპელი/ჯაზ-როკი).

პორტფოლიო შეიცავს ასევე წერით კომენტარს (დაახლ.  5 000 – 10 000 სიტყვა), რომელშიც კონტექსტუალიზირებულია მასში წარმოდგენილი ორიგინალური ნამუშევრები.  კერძოდ, განხილულია ორიგინალური კომპოზიციების / შესრულებული ნაწარმოებების კონცეპტუალური და ესთეტიკური მხარეები, წარმოდგენილია მათი სტრუქტურა, კომპოზიციის / ინტერპრეტაციის მეთოდები, გამოყენებული მასალები და ტექნიკები.