გაერთიანებული პორტფოლიო და დისერტაცია

სადოქტორო პორტფოლიო წარმოადგენს შემოქმედებით ან საშემსრულებლო პრაქტიკაზე დაფუძნებულ სადოქტორო ნაშრომს, რომელშიც ჩანს ორიგინალური კვლევის შედეგად მიღებული ახალი ცოდნა.

სადოქტორო პორტფოლიოს მიზანია გამოავლინოს დოქტორანტის ორიგინალური შემოქმედებითი ხედვა, მუსიკალური (საკომპოზიტორო ან საშემსრულებლო) სტილი და ტექნიკური კომპეტენციები. სადოქტორო პორტფოლიო გულისხმობს სტუდენტის მიერ როგორც არტისტული (შემოქმედებითი/საშემსრულებლო) პროექტების და პრეზენტაციების, ისე ინოვაციური  კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვას და განხორციელებას, და კვლევის შედეგების დოქტორანტის საკუთარ შემოქმედებაში ახლებურად და ორიგინალურად ასახვას. სადოქტორო პორტფოლიოს საშუალებით დოქტორანტს აქვს შესაძლებლობა წარადგინოს შემოქმედებითი და სამეცნიერო კვლევის შედეგები, და დაასაბუთოს ორიგინალური არტისტული ხედვის/ახალი ცოდნის მნიშვნელობა მიმართულების/დარგის განვითარებაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუსიკო ხელოვნების დოქტორანტმა ორი სახის სადოქტორო პორტფოლიოდან (1. პორტფოლიო წერითი კომენტარით და 2. გაერთიანებული პორტფოლიო და დისერტაცია) უნდა აირჩიოს და დაიცვას ერთ-ერთი.

გაერთიანებული პორტფოლიო და დისერტაცია არის შედარებით დიდი მოცულობის ორიგინალური ნამუშევრების კრებულისა და ვრცელი წერილობითი ტექსტის (დაახლ. 40 000 – 50 000 სიტყვა) კომბინაცია, რომელიც პორტფოლიოსთან ერთობლიობაში წარმოადგენს ორიგინალურ კვლევაზე დამყარებულ ახალ ცოდნას.

  • საკომპოზიტორო მიმართულებაში პორტფოლიო უნდა შედგებოდეს მინიმუმ 40 – მაქსიმუმ 80 წუთის ხანგრძლივობის ორიგინალური მუსიკალური კომპოზიციებისგან, და მოიცავდეს სხვადასხვა ჟანრის და მოცულობის ნაწარმოებებს, აქედან მინიმუმ ერთს – დიდი ფორმისას (ოპერა, სიმფონია, ციკლი, მიუზიკლი, და მსგავსი).
  • საშემსრულებლო მიმართულებაში
    • კლასიკური და ბაროკოს მუსიკის შემსრულებლობაში – პორტფოლიო უნდა შედგებოდეს მინიმუმ ერთი სოლო კონცერტისგან, მინიმუმ ორი საანსამბლო ნაწარმოებისგან (აქედან მინიმუმ ერთი – მსხვილი ფორმის)  და ორი „კონცერტის“ (როგორც ჟანრის) შესრულებისგან (აქედან ერთი კლასიკური, რომანტიკული ან თანამედროვე, ხოლო მეორე – ბაროკოს ეპოქის).
    • ჯაზის შემსრულებლობაში – პორტფოლიო უნდა შედგებოდეს მინიმუმ ერთი სოლო კონცერტისგან (ჯაზის სხვადასხვა სტილის და პერიოდის ნაწარმოებები), მინიმუმ ორი დუეტში (ფორტეპიანოს/გიტარის თანხლებით) შესრულებული ნაწარმოებისგან (ბალადა/ბლუზი/სვინგი) და ორი თანამედროვე სტილში შესრულებული ნაწარმოებისგან (ფანკი/ფიუჟნი/სოული/გოსპელი/ფოურ-ბიტი).

პორტფოლიოს თანმხლები დისერტაცია უნდა წარმოადგენდეს ნაშრომს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საშემსრულებლო  ან კომპოზიციის სფეროებში უკვე არსებულ ცოდნაში. მასში უნდა ჩანდეს კრიტიკული კვლევა, რომელიც, როგორც წესი, დაკავშირებულია ორიგინალურ კომპოზიციასთან ან საშემსრულებლო ინტერპრეტაციასთან. ის უნდა წარმოადგენდეს  სისტემატური სწავლის, დამოუკიდებელი კრიტიკული შეფასების შედეგს, და აჩვენებდეს ორიგინალობას როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ასპექტში.

პორტფოლიოს საშემრულებლო და შემოქმედებითი ნაწილი, ჩვეულებრივად, ნათლად უნდა იყოს დაკავშირებული დისერტაციის თემასთან და შეესაბამებოდეს დასახულ შემოქმედებით მხარეს. (ან, სხვა შემთხვევაში, ასეთი კავშირის არ არსებობის გამართლება წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული ხელმძღვანელთან და დარგობრივ კომისიასთან).