ყველა ისტორიის მსგავსად, მუსიკის ისტორიაც მოიცავს კაცობრიობის კულტურული ევოლუციის ვრცელ პერიოდს ანტიკური ეპოქიდან დღემდე. ამ პროცესების სხვადასხვა კუთხითა და რაკურსით გაშუქებისას ყოველთვის ჩნდება ახალი წახნაგები. ამიტომაა საინტერესო ახალი თაობების ხედვა პროფესიული მუსიკის უძველეს საკითხებზე, მათ მიერ ძველი ფოლიანტების ახლებურად წაკითხვა; მით უმეტეს დღეს, როდესაც ესოდენ განვითარებული ტექნოლოგია ახალი, ხშირად მოულოდნელი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობებს იძლევა. ასე, მაგალითად, გასაშიფრია მიქაელ მოდრეკილის ჰიმნოგრაფია მუსიკალური ნიშნების კუთხით – მართალია ეს პროცესი კარგა ხნის წინ დაიწყო, მაგრამ რთულად მიიწევს წინ. ამიტომაც, რაც უფრო ფართო იქნება მსოფლიო პროფესიული მუსიკით დაინტერესებული, ინფორმირებული ახალგაზრდების წრე, მით უფრო გაიზრდება ამ საკითხის დადებითად გადაჭრის ალბათობა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული მუსიკა მსოფლიო მუსიკის ჭრილში უნდა განიხილებოდეს, ხოლო მსოფლიო მუსიკა – ხელოვნებისა და მეცნიერების ზოგად პანორამაში. ამიტომაცაა, რომ მუსიკის ისტორიის მიმართულება ჩვენთან მეტად მრავალფეროვან და ფართო კონტექსტში ისწავლება: ის წარმოდგენილია კურსებით, რომლებიც განიხილავენ მსოფლიო მუსიკას ანტიკური ეპოქიდან მიუზიკლამდე; ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკიდან თეატრისა და კინოს, ჯაზის, როკისა და პოპ-მუსიკის, ავანგარდული, ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის ესთეტიკასა და ისტორიამდე.
ყველა კურსს თან ახლავს საილუსტრაციო მასალა – დიდ კომპოზიტორთა გამორჩეული თხზულებების, საუკეთესო შემსრულებლების, რჩეული მუსიკალური ფილმებისა და სპექტაკლების საუნდტრეკების აუდიო-ვიდეო ვერსიების სახით. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებსა თუ საიტზე განთავსებული ლიტერატურის საფუძველზე თქვენ შეგეძლებათ მოამზადოთ პრეზენტაციები და რეფერატები თქვენი რჩეული მუსიკოსების შემოქმედებაზე, დაამუშაოთ თქვენთვის საინტერესო მუსიკალური პრობლემები, და სხვ.
ყოველივე ამით ერთობლიობაში თქვენ არა მარტო მუსიკის, არამედ ზოგადად ხელოვნების განვითარების ფართო სპექტრს ეზირებით.