მარინა ადამია
კომპოზიტორი, დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მუსიკის ცენტრის დირექტორი.
სასწავლო კურსები ილიაუნიში
კომპოზიცია 1, 2, 3, 4, 5 და 6: შემოქმედებითი პორტფოლიო. თანამედროვე მუსიკა: მე-20-21-ე საუკუნეების უმნიშვნელოვანესი მიმდინარეობები, გაორკესტრების თეორია და პრაქტიკა 1 და 2, მუსიკის თეორია პრაქტიკაში 1 და 2. სადოქტორო საფეხურის სტუდენტების ხელმძღვანელობა.
განათლება
მარინა ადამიამ 1976 წელს დაამთავრა თბილისის მესამე სამუსიკო სასწავლებელი მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის განხრით (ნოდარ მამისაშვილის კლასი). იმავე წელს ჩააბარა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტზე. 1978 წლიდან გადავიდა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის ფაკულტეტზე, სადაც სწავლობდა ოფიციალურად ნიკოლაი სიდელნიკოვის საკომპოზიტორო კლასში, ხოლო არაოფიციალურად – ცნობილ კომპოზიტორთან, პედაგოგთან, ედისონ დენისოვთან. 1983 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის განხრით.
1992 წლიდან სწავლობდა ედინბურგის უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის დოქტორანტურაში, გამოჩენილი ბრიტანელი კომპოზიტორისა და საზოგადო მოღვაწის, ნაიჯელ ოსბორნის ხელმძრვანელობით. 1998 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი (PhD) კომპოზიციაში.
ძირითადი საქმიანობა
მარინა ადამიამ ჩამოაყალიბა საქართველოში მუსიკის საუნივერსიტეტო სწავლების კონცეფცია; ამ კონცეფციის საფუძველზე მან თავის რამდენიმე კოლეგასთან ერთად 2009 წლის იანვარში დააარსა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი. ის ამჟამად ამ ცენტრის დირექტორი და კომპოზიციის მიმართულების ხელმძღვანელია, და მუსიკის ცენტრის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მუშაობს მუსიკის კურსებისა და სამივე საფეხურის საუნივერსიტეტო პროგრამების შექმნასა და განვითარებაზე.
შემოქმედებითი კარიერა
მარინა დამოუკიდებელი პროფესიონალი კომპოზიტორია, რომელსაც შექმნილი აქვს განსხვავებული ჟანრისა და მასშტაბის ნაწარმოებები. მისი მუსიკა შესრულებულა როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში, ისე დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მარინას გრანტები და ნაწარმოებების ნუსხა იხ. აქ
პედაგოგიური საქმიანობა
მარინას სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამჟამად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის კომპოზიციას, გაორკესტრებას, მუსიკის თეორიას და თანამედროვე პროფესიული მუსიკის ისტორიას. 1994 -2006 წლებში ის ედინბურგის უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ლექტორი იყო, სადაც სამივე საუნივერსიტეტო საფეხურზე ასწავლიდა კომპოზიციას და მუსიკის თეორიას. 2006-2008 წლებში მარინა მიწვეული იყო აკადემიურ კონსულტანტად ზ. ფალიაშვილის სახელობის N1 სამუსიკო სასწავლებელში („ნიჭიერთა ათწლედში“), სადაც პარალელურად ხელმძღვანელობდა მუსიკის თეორიის და კომპოზიციის განყოფილებებს. 1986-1988 წლებში მუსიკალურ გამფორმებლად მუშაობდა ახალციხის დრამატულ თეატრში.
აკადემიური ინტერესები
მარინას განსაკუთრებით აინტერესებს თანამედროვე ექსპერიმენტული მუსიკა, 50-60-იანი წლების იაპონური კინო, სამხრეთ კორეული პოპ-მუსიკა და დრამა, და მუსიკის სარეაბილიტაციო როლი საზოგადოებაში.
საკონტაქტო დეტალები
მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 32
მუსიკის ცენტრი, D კორპუსის მე-4 სართული
ელ-ფოსტა: m.adamia@iliauni.edu.ge
ტელეფონი: 595 29 62 64
Facebook გვერდი: Marina adamia