ილიაუნის მუსიკის ცენტრი 2009 წელს დაარსდა. ის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ნაწილია.

ცენტრის დაარსებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა:

  1. მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა მუსიკა ახალგაზრდების ფართო წრისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც არ გააჩნია ფორმალური მუსიკალური განათლება. ჩვენთვის მთავარი სტუდენტის ბუნებრივი მონაცემები და მოტივაციაა.
    ჩვენს პროგრამებზე მიღების პირობები იხ. აქ
  2. დაგვენერგა საქართველოსთვის ახალი და მნიშვნელოვანი სამუსიკო დარგები. ჩვენი ქვეყნის საუნივერსიტეტო სივრცეში ილიაუნიმ პირველმა დაიწყო ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის, ჯაზის, პოპ-მუსიკის და მსოფლიოს ხალხთა მუსიკის სწავლება.
    ჩვენი პროგრამები და კურსები იხ. აქ
  3. მიგვეცა სტუდენტისთვის მრავალმხრივი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მუსიკალური განათლება, რაც მას წარმატებულ და კონკურენტუნარიან შემოქმედად ჩამოაყალიბებს.
    ჩვენი კურსდამთავრებულების ჩამონათვალი იხ. აქ

ჩვენი ცენტრის ლექტორები თავიანთი სფეროს წამყვანი სპეციალისტები არიან. რიგ მათგანს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში აქვს მიღებული განათლება და სამუშაო გამოცდილება. ცენტრის ლექტორებს შორის არიან კომპოზიტორი და ჯაზის სპეციალისტი, დოქტორი ირინე ებრალიძე; კომპოზიტორი, ჯაზ-საქსოფონისტი და ელექტრონული მუსიკის სპეციალისტი რეზო კიკნაძე; ქართული ტრადიციული და საეკლესიო მუსიკის სპეციალისტები, ეთნომუსიკოლოგიის პროფესორები ნინო მახარაძე და თამაზ გაბისონია; პიანისტი, პროფესორი ნინო მამრაძე; მუსიკოლოგი მანანა კორძაია; ჯაზ-მუსიკოსები ირაკლი კვანჭიანი, ლევან რუსია, ლაშა სხილაძე და ზურა ასტამაძე. ცენტრს სათავეში კომპოზიტორი, პროფესორი მარინა ადამია უდგას.

ცენტრის ლექტორებზე უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ აქ
ილიაუნის მუსიკის ცენტრის მატერიალური ბაზა მოიცავს ელექტროაკუსტიკურ სტუდიას, აუდიო-სისტემას,  კლავიშიან და ჯაზის საკრავებს, მუსიკის სწავლებისთვის სპეციალურად აღჭურვილ აუდიოტორიებს, ვიდეოთეკასა და ბიბლიოთეკას უახლესი სამუსიკო ლიტერატურით,  ეთნომუსიკოლოგიურ კვლევით კაბინეტს, საკონფერენციო, სარეპეტიციო და საკონცერტო სივრცეებს.

ცენტრი აქტიურ შემოქმედებით და კვლევით საქმიანობას ეწევა. სისტემატურად იმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდისა და გოსპელ-გუნდის, აკადემიური, ჯაზის და პოპ-მუსიკის, ელექტრონული მუსიკისა და კომპოზიციის  მიმართულებების სტუდენტების კონცერტები. ხშირად ტარდება ღია ლექციები, მასტერ-კლასები და კონცერტები ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მიერ. ცენტრის ლექტორები და სტუდენტები მონაწილეობენ საერთაშორისო  ფესტივალებში, კონკურსებში და სამეცნიერო ფორუმებში.
ჩვენი საჯარო ღონისძიებების ნახვა შეგიძლიათ აქ